ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივნისი 8, 2022

08.06.22 – სოფელი საჭამიასერი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ირაკლი პაპავა, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპულ ღირებულებებს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე, ნეიტრალიტეტის სტატუსის არსზე, მის ფარგლებში გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და მისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებსა და გამოწვევებზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი ამოცანები და მიმართულებები გააცნო. ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.