ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 7, 2022
07.03.22 – სოფელი ერკეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და უფროსკლასელებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებსა და რეგულაციებს, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამების “Erasmus +” და „Etwinning“- ს ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და გამოწვევებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.