ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 15, 2022
15.09.22 – ჩოხატაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების – ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების თანამშრომლებთან, ასევე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და არსებული თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პროგრესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების უალტერნატივობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ გაუწია, რომელმაც მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მათი მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.