ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 7, 2023

07.12.23 – სოფელი დიდივანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ისიდორე რამიშვილის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირის ფუნქციონირების საკითხების, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ვიზალიბერალიზაციის საკითხებს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გაკეთებული განაცხადის მნიშვნელობასა და განაცხადის წარდგენიდან საბოლოო წევრობამდე განმცხადებელი ქვეყნის მიერ გასავლელ გზასა და ეტაპებს, გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებს.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა გურიის რეგიონში თამარ ბასილაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები და ის შესაძლებლობები, რასაც ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამები მოსწავლე ახალგაზრდებისა და პედაგოგებისთვის ითვალისწინებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.