ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 29, 2024

29.03.24 – სოფელი ზემო ერკეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ მონაწილეებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიის, ასევე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატოს პოლიტიკის დინამიკაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან მიმართებით, ნეიტრალიტეტის სტატუსის არსსა და მის ფარგლებში გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიურ ზეგავლენასა და მისგან მომდინარე გამოწვევებთან არგუმენტირებული ბრძოლის აუცილებლობის საკითხებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.