ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 26, 2023

26.04.23 – სოფელი ხევი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირის შექმნისა და განვითარების ეტაპები, ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკა, ხელშესახები შედეგები და პერსპექტივები გააცნო. აგრეთვე, საუბარი შეეხო ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.