ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩატარდა

აპრილი 26, 2024

26.04.24 – სოფელი საჭამიასერი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში, სიმულაციური სწავლება ჩატარდა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროპაგანდისა და ინფორმაციული მანიპულაციის მეთოდებსა და ტექნიკებზე.

სიმულაციურ სწავლებისას გამოყენებულ იქნა ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, შეეძინათ და განევითარებინათ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიეღოთ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოედგინათ პრეზენტაციები.

სიმულაციური სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.