ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

იანვარი 30, 2024

30.01.24 – სოფელი შუა ამაღლება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ მონაწილეებს ევროკავშირის ფუნქციონირების უმთავრესი საკითხების, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადს, განაცხადის წარდგენიდან საბოლოო წევრობამდე განმცხადებელი ქვეყნის მიერ გასავლელ გზასა და ეტაპებს, გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებს, იმ ხელშესახებ პრაქტიკულ სარგებელს, რაც კანდიდატის სტატუსმა შეიძლება მოუტანოს მის მფლობელ სახელმწიფოს.

გარდა ამისა, მომხსენებელმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამები მოსწავლე ახალგაზრდებისთვის ითვალისწინებს.