ჩოხატაურის სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩატარდა

თებერვალი 29, 2024

29.02.24 – დაბა ჩოხატაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში, სიმულაციური სწავლება ჩატარდა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროპაგანდისა და ინფორმაციული მანიპულაციის მეთოდებსა და ტექნიკებზე.

სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებულია ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, შეიძინონ და განავითარონ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიიღონ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოადგინონ პრეზენტაციები.

აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით.

სიმულაციური სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.