ჩოხატაურის სკოლების პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 26, 2023

26.04.23 – დაბა ჩოხატაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შეხვედრების სივრცეში, ჩოხატაურის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა და ჟურნალისტმა გიორგი ცხვიტავამ, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევების, შესაძლებლობებისა და პერსპექტივების, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის აუცილებლობის, ამ საქმეში მედიაწიგნიერების როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო. ასევე, ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო კურსის შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მათი მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.