დაბა ჩაქვის სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 26, 2024
26.04.24 – დაბა ჩაქვი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, დაბა ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, ამ პროცესში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლობლობაზე, აგრეთვე, ERASMUS+ პროგრამაში მონაწილეობის პირობებზე, უპირატესობებსა და შერჩევის კრიტერიუმებზე.
შეხვედრას დაბა ჩაქვის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ ქათამაძე ესწრებოდა, რომელმაც სასკოლო სივრცეში აქტუალურ საკითხებზე მოსწავლეებთან შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.