დაბა ჩოხატაურის სკოლის პედაგოგებსა და უფროსკლასელებთან შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 5, 2022

05.10.22 – დაბა ჩოხატაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და უფროსკლასელებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპულ ფასეულობებს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი ამოცანები და მიმართულებები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.