დაბა ქედის სკოლის მოსწავლეებთან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ქედის ევროკლუბის” სივრცეში შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 22, 2023

22.09.23 – დაბა ქედა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრთან თანამშრომლობით, დაბა ქედის საჯარო სკოლაში მოქმედი „ქედის ევროკლუბის“ წევრებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირების, ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, თანამშრომლობის დინამიკასა და სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილემ, ანეტი ბერიძემ ახალგაზრდებთან პროგრამაში ERASMUS + მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებზე ისაუბრა.

შეხვედრას „ქედის ევროკლუბის“ კოორდინატორიც ესწრებოდა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრთან აქტიური თანამშრომლობის გამოცდილებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.