დასავლური ინტეგრაციის შესახებ დებატ-კლუბების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

დეკემბერი 12, 2023

12.12.23 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში,დასავლური ინტეგრაციის შესახებ დებატ-კლუბების ფინალური ტურნირი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

პროექტს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით და “დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან” პარტნიორობით ახორციელებს.

საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ ტურნირის გამარჯვებული გუნდები, საუკეთესო მოდებატე მოსწავლეები დააჯილდოვეს და პროექტის მონაწილე- დებატკლუბების ხელმძღვანელ პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს.

„პირველ რიგში, ყველას გილოცავთ პროექტის წარმატებით განხორციელებას, ვამაყობთ, რომ პროექტის ფარგლებში უკვე გვყავს გადამზადებული ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ რეგიონებში, სოციუმებსა თუ ოჯახში გაავრცელებენ ევროპული ღირებულებების, ევროინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებლის შესახებ სწორ გზავნილებს და ევროინტეგრაციის საკითხებზე ახალგაზრდა ელჩები გახდებიან. სწორედ ახალგაზრდები, თქვენი მენტორი პედაგოგების მიერ ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობრივი ორიენტირით წარმოადგენთ გარდაქმნებისა და ცვლილებების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს საზოგადოებაში. დღეს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ყველა მსგავს ღონისძიებას” – განაცხადა თამარა წულეისკირმა.

თავის მხრივ, თინათინ ცერცვაძემ პროექტის ფარგლებში დებატების წარმოებისა და სწავლების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, სტატისტიკურ მონაცემებსა და მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის დებატების ტექნიკის დაუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 70 საჯარო სკოლაში დაარსდა დებატ-კლუბები, სადაც 70-ზე მეტი პედაგოგი და 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული. პროექტი ერთი მხრივ ხელს უწყობს პედაგოგების პროფესიულ გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და მეორე მხრივ, ახალგაზრდებში დასავლური ინტეგრაციის შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და ანალიტიკურ-კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების გაძლიერებას. აღნიშნული კი თავისმხრივ, აძლიერებს მედეგობას ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ.