დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის რუსთავის ოფისში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 28, 2022

28.10.22 – რუსთავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის რუსთავის ოფისში, საჯარო და კერძო სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ხამაშურიძემ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის საკითხებსა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადასადგმელ სამომავლო ნაბიჯებს.
შეხვედრას, რომელსაც 80-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა გაუწია.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.