დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე პედაგოგებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
იანვარი 25, 2022

25.01.22- რეგიონები
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონების პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა. შეხვედრას მთელი საქართველოს მასშტაბით 75 პედაგოგი ესწრებოდა.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
„სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველო“-ს კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა მონაწილეებს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციულ კამპანიებსა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ყურადღება გამახვილდა მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და კრიტიკული აზროვნების როლზე პროპაგანდასთან ბრძოლის კონტექსტში.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.