დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
მარტი 29, 2022

29.03.22 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაკეთებულ განაცხადზე და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
შეხვედრაზე „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველი“ კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა, მონაწილეებს ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე, მის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და გზებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების როლს პროპაგანდასთან ბრძოლის კონტექსტში.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.