დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
მაისი 11, 2023
11.05.23 – დმანისი
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, დმანისის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ცენტრის საქმიანობაზე და ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ახალგაზრდულ შესაძლებლობებსა და Erasmus+ სტუდენტურ და გაცვლით პროგრამებზე.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ახორციელებს. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით, ყურადღება გამახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.