ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის „საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აკადემია“ დაიწყო

ნოემბერი 18, 2021

18.11.21 – მარნეული

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ააიპ განვითარებისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის „საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აკადემია“ დაიწყო.

შეხვედრაზე მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარ წულეისკირი მიესალმა და ცენტრის საქმიანობის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ააიპ განვითარებისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ემინ ახმედოვმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინფორმირების მნიშვნელობას.

2021 წლის ბოლომდე პროექტის ფარგლებში დაგეგმილ 10 ლექციას საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი თემურ სუყაშვილი წარმართავს. შეხვედრებზე საუბარი შეეხება ნატოსა და ევროკავშირის დაარსებისა და გაფართოების ისტორიას, მათ ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, ინტეგრაციის მექანიზმებს, ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებს.

კურსის დასრულების შემდეგ ახალგზრდები მოამზადებენ პრეზენტაციებს და თანატოლებთან ევროინტეგრაციის სხვადასხვა საკითხებზე ჩაატარებენ შეხვედრებს.