ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პედაგოგებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტი დაიწყო
ოქტომბერი 5, 2022
05.10.22 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სკოლის პედაგოგებისთვის თბილისში სასწავლო ვიზიტი დაიწყო.
ორდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ახორციელებს.
საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტის პირველი დღე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გახსნეს.
სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თანამოქალაქეები, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და მიუხედავად იმ ბარიერისა, რაც დიდწილად უკავშირდება ჯერ კიდევ არსებული სახელმწიფო ენის ცოდნის ბარიერს, სათანადოდ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესიდან მომდინარე სიკეთეებსა და სარგებელზე.
თავის მხრივ, თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაში პედაგოგების როლზე და მათთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„დღეს, მასწავლებლის მსოფლიო დღე აღინიშნება და პირველ რიგში, ყველა მასწავლებელს მინდა მივულოცო ეს დღე. მასწავლებლობა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია, რადგან ხშირ შემთხვევაში, სწორედ მასწავლებელი ხდება ის ორიენტირი, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლის მომავალს, მის ფასეულობებსა თუ არჩევანს.
პედაგოგები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს და სიმბოლურად სწორედ ამ დღეს ვმასპინძლობთ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პედაგოგებისთვის მორიგ კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტს.“- განაცხადა თამარა წულეისკირმა.
თავის მხრივ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ სამინისტროს მიერ პედაგოგების პროფესიული განვითარების მხრივ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით სამომავლოდ დაგეგმილ ღინისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.
პირველი დღის ღონისძიებების ფარგლებში, მონაწილეები ოკუპაციის მუზეუმსაც სტუმრობდნენ.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეები მოისმენენ მოხსენებებს როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ექსპერტებისგან.