ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პედაგოგებისთვის სემინარი გაიმართა
ივნისი 17, 2022

17.06.22 – თბილისი
საგარეო სქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სკოლის პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა.
საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნეს.
სახელმწიფო მინისტრი მონაწილეებს ესაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტზე – ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ თანამოქალაქეები, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და მიუხედავად იმ ბარიერისა, რაც დიდწილად უკავშირდება ჯერ კიდევ არსებული სახელმწიფო ენის ცოდნის ბარიერს, სათანადოდ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესიდან მომდინარე სიკეთეებსა და სარგებელზე.
თავის მხრივ, თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაში პედაგოგების როლზე და მათთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„პედაგოგები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს, რადგან მათი როლი გადამწყვეტია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის ინფორმირების კუთხით. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა ამომწურავ და გადამოწმებულ ინფორმაციაზე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციული პროცესების დინამიკის შესახებ.“- განაცხადა თამარა წულეისკირმა.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ექსპერტებისგან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის ზურაბ ხამაშურიძისგან მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელსა და შემდგომ ეტაპებზე.
სემინარზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის გარემოებებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებსა და ახალ გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
საქართველოს პარლამენტში ვიზიტისას, სემინარის მონაწილეებს საქართველოს საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების გამოწვევებზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილი ესაუბრა, ხოლო საქართველო – ნატოს ურთიერთობები და მომავალი პერსპექტივები განიხილეს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისში სტუმრობისას.
დასკვნით სესიაზე, ჰიბრიდული ომის თანამედროვე ტენდენციები, რეგიონში დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდა იყო ძირითადი განსახილველი საკითხები ჰიბრიდული ომების მკვლევართან დავით ძიძიშვილთან შეხვედრაზე.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები ოკუპაციის მუზეუმსაც სტუმრობდნენ.
ორდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება და მასში პირველ ეტაპზე 30 პედაგოგი მონაწილეობდა.
სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.