ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სტუდენტებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტი დაიწყო

ნოემბერი 16, 2022

16.11.22 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონიდან 40-მდე სტუდენტი კულტურულ საგანმანათლებლო ტურების ფარგლებში თბილისს ეწვია.

ორდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში სტუდენტები საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მიიღებენ ინფორმაციას. ტურები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

პროექტი ხორციელდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან პარტნიორობით.

კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტის გახსნით ღონისძიებაზე მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს საგრანტო პროგრამების მენეჯერმა სოფო ბზიშვილმა მიმართეს.

თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაში სტუდენტების როლზე და მათთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:„ სიმბოლურია რომ დღეს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს იმართება ჩვენი შეხვედრა. Როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ყოველთვის იყო გამორჩეულად ტოლერანტული სახელმწიფო, სადაც მშვიდობიანად თანაარსებობენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა თუ რელიგიური მრწამსის ადამიანები და სწორედ ეს განსხვავებულობაა ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, ჩვენ გავერთიანებს საერთო სამშობლო. ჩვენ ასევე ერთიანები ვართ საქართველოს დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ირგვლივ. ნიშანდობლივია, რომ ტოლერანტობა, განსხვავებული კულტურების ენების პატივისცემა არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის, არამედ ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედს წარმოადგენს. დღევანდელი ღონისძიება ემსახურება იმას, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე იყოს ამომწურავად ინფორმირებული დასავლური ინტეგრაციის დინამიკის შესახებ და ქონდეს წვდომა ამ პროცესებიდან გამომდინარე სიკეთეებზე. სწორედ ამიტომ ჩვენი ცენტრი რეგულარულად მართავს ღონისძიებებს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის ცნობიერების გაზრდის მიმართულებით”- განაცხადა თამარა წულეისკირმა.

თავის მხრივ სახელმწიფო მინისტრი მონაწილეებს ესაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტზე – ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ თანამოქალაქეები, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და მიუხედავად იმ ბარიერისა, რაც დიდწილად უკავშირდება ჯერ კიდევ არსებული სახელმწიფო ენის ცოდნის ბარიერს, სათანადოდ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესიდან მომდინარე სიკეთეებსა და სარგებელზე.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს საგრანტო პროგრამების მენეჯერმა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ოცდაათწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებსა და იმ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება, რაც აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში და ქვეყნის განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი შედეგების მომტანია. სოფო ბზიშვილმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს დინამიკაზე და ამ მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების როლზე ისაუბრა.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები მოისმენენ მოხსენებებს როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისაგან და ექსპერტებისგან. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ტოლერანტობის თემაზე გადაღებული ფილმის ჩვენებას დაესწრნენ და ოკუპაციის მუზეუმს ეწვევიან.

აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე პროექტის ფარგლებში ეთნიკური უმციერსობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან ჯამში 60-ზე მეტი ახალგაზრდა გადამზადდება.