ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სტუდენტებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტი დასრულდა
ნოემბერი 17, 2022
17.11.22 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონიდან 40-მდე სტუდენტი კულტურულ საგანმანათლებლო ტურების ფარგლებში თბილისს ეწვია.
ორდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში სტუდენტებმა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.
ტურები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.
პროექტი ხორციელდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან პარტნიორობით.
კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტი ევროპის საბჭოს ექსპერტის ლევან ასათიანის ლექციით დასრულდა. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებებზე, თავისუფლებებზე, თანასწორობისა და დისკრიმინაციის მნიშვნელობის საკითხებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა სამართლებრივი მექანიზმების თავისებურებებსა და თანასწორობის უფლებებზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე პროექტის ფარგლებში ეთნიკური უმციერსობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან ჯამში 60-ზე მეტი ახალგაზრდა გადამზადდება.