ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სტუდენტებისთვის მორიგი კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტი დაიწყო

ნოემბერი 30, 2022

30.11.22 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონის სტუდენტებისთვის თბილისში მორიგი კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტი დაიწყო.

ორდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში სტუდენტები საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მიიღებენ ინფორმაციას.

ტურები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ახორციელებს.

ღონისძიება ხორციელდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან პარტნიორობით.

კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტის გახსნით ღონისძიებაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ კრისტოფერ ანდერსონმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ.

ლია გიგაურმა ახალგაზრდებს გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა, როგორც ჰარმონიული, თანასწორი და ტოლერანტული საზოგადოების განვითარების მექანიზმი.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშემ კრისტოფერ ანდერსონმა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, აშშ-ს მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. კრისტოფერ ანდერსონმა ხაზგასმით აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში და რა უნდა გაკეთდეს მათი ჩართულობის გასაზრდელად.

თავის მხრივ ირინა შამილაძემ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაში სტუდენტების როლსა და მათთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები შეხვდებიან როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს და მოისმენენ ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტების ვიზიტი საქართველოში აშშ-ს საელჩოში და ასევე, ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერება.