ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სტუდენტებთან სემინარები გაიმართა

დეკემბერი 1, 2022

01.12.22 – თბილისი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარის მონაწილე ახლაგაზრდებთან, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშილი, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირი-საქართველოს ერთობლივ პროექტებსა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადასადგმელ სამომავლო ნაბიჯებს.

პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს მედიაწიგნიერების საკითხებზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი ანი გვეტაძე შეხვდა. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და მის როლზე დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონტექსტში. ყურადღება გამახვილდა ყალბი ინფორმაციის სახეობებსა და ყალბი ახალი ამბების ამოცნობისა და გადამოწმების ტექნიკებზე.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერეს და საქართველოს უახლესი ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა, აგრეთვე, აღნიშნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა დაათვალიერეს.

პროექტი ხორციელდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან პარტნიორობით.

ორდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ეთნიკური უმციერსობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან ჯამში 120-ზე მეტი ახალგაზრდა და პედაგოგი გადამზადდა.