ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სტუდენტებთან სემინარები იმართება
ნოემბერი 16, 2022
16.11.22 – თბილისი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარის მონაწილე ახლაგაზრდებთან, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ხამაშურიძე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირი-საქართველოს ერთობლივ პროექტებსა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადასადგმელ სამომავლო ნაბიჯებს.
პირველი დღის ღონისძიებების ფარგლებში, მონაწილეები, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც სტუმრობდნენ, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა ახალგაზრდებს გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა, როგორც ჰარმონიული, თანასწორი და ტოლერანტული საზოგადოების განვითარების მექანიზმი.
დღის ბოლოს კი, ეთნიკური უმცირესობების წარმატებულ წარმომადგენლებთან, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეო-კლიპის ჩვენება გაიმართა. სტუდენტები, ასევე, ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ.
პროექტი ხორციელდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან პარტნიორობით.
ორდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.