ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს წევრებისთვის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ სემინარი გაიმართა

მაისი 16, 2023

16.05.23 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და თბილისის საკრებულოს ორგანიზებით, საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს წევრებისთვის საქართველოს დასავლური ინტეგრაციის თემებზე სემინარი ჩატარდა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მიმართა და ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებზე და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ყველა ჯგუფის, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მათი მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტზე – ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლებაზე, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თბილისის საკრებულოს წევრებმა ნინო რუხაძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ, ასევე ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ რიტა ხიდირბეგიშვილმა.

ერთდღიანი სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმონადგენელისგან დავით ბუჯიაშვილისგან მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე ისაუბრა.

კურსის დასასრულს, მედიაწიგნიერების საკითხები და მისი როლი დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონტექსტში განიხილეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელთან ანი გვეტაძესთან ერთად.