ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 24, 2022

24.11.22 – ლანჩხუთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების – ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების – თანამშრომლები, ასევე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მათი თანაშემწეები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უალტერნატივობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, რომელმაც მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მათი მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.