ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა

იანვარი 31, 2020

31.01.20 – შუახევი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მოწვეულმა ექსპერტმა, „სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ცხვიტავამ და საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ შეხვედრა გამართეს.

შუახევის მუნიციპალიტეტის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.