ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა
იანვარი 27, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ორგანიზებით ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ახალციხის საჯარო სკოლების პედაგოგებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის მნიშვნელობასა და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა. შეხვედრის ძირითად ნაწილს „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ხელმძღვანელი გიორგი მუჩაიძე უძღვებოდა, რომელიც პედაგოგებს ნატოს, ევროკავშირისა და საქართველოს ამ ორგანიზაციებთან ურთიერთობზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ესაუბრა. შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.