ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ამბროლაურის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა
ნოემბერი 13, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ამბროლაურის მე-2 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, ნატოს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებს, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს. ყურადღება გამახვილდა, ნატოში საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მითებზე, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.