ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ბათუმის კერძო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

იანვარი 27, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ბათუმის კერძო სკოლაში “ევრო-2000” ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით შემეცნებითი აქტივობა და ინტელექტუალური ვიქტორინა ჩაატარა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აუდიტორიას ევროკავშირის დაასების, ფუნქციონირების, მიზნებისა და პრინციპების შესახებ ესაუბრა და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორია და განვითარების ეტაპები გააცნო. ასევე, ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რომლებიც ამ პროცესში არსებობს, მათ შორის ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე. მსმენელებმა ყველა იმ უპირატესობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ეხება. ხაზგასმით აღინიშნა ისიც, რომ საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი დეზინფორმაციის პირობებში და აუცილებელია ახალგაზრდობა იცნობდეს მასთან გამკლავების ეფექტურ გზებსა და მეთოდებს.

მომხსენებელმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მნიშვნელოვანი პროექტების შესახებაც ისაუბრა და პედაგოგებს მათში აქტიურად ჩართულობისკენ მოუწოდა, მით უფრო, რომ სკოლა “ევრო-2000”-ს მჭიდრო ურთიერთობები აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი პროფილის მასწავლებლებთან და გაცვლით პროგრამებსაც ახორციელებს. მასწავლებლები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს “ERASMUS+” და “ENPARD” გაეცნენ.

შეხვედრა სახალისო ვიქტორინით მიმდინარეობდა და ყველაზე აქტიურ მსმენელებს სამახსოვრო პრიზებიც გადაეცათ.