ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქედის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
თებერვალი 16, 2021
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებითა და ქედის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის მხარდაჭერით, სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილი, მასწავლებლებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ არსებულ სარგებელსა და პერსპექტივებზე ესაუბრა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დინამიკაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობასა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესახებ სარგებელზე. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ, საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და სექტორული თანამშრომლობის უპირატესობების, აგრეთვე, ევროკავშირის მიერ საგანმანათლებლო სფეროში გახსნილ სხვადასხვა შეთავაზებაზე, მათ შორის პედაგოგებისთვის გათვალისწინებულ გაცვლით პროგრამებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.