ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქუთაისის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 6, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით “ნატოს სკოლის” ფარგლებში ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე ესაუბრა. შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს N15 და N13 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. მათ თანატოლებს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორია, გაფართოების ფაზები და პარტნიორობის მექანიზმები გააცნეს.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
აღსანიშნავია რომ “ნატოს სკოლა” ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელშიც 20 საჯარო სკოლის მოსწავლეა ჩართული. წლის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თანატოლებს თავად მოუყვებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს სკოლებში წარადგენენ.