ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქუთაისის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 12, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით პროექტის “მომავლის ელჩები” ფარგლებში ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მოსწავლეებს ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს ამ მიმართულებით სთავაზობს.

შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს N31 და N1 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. მათ თანატოლებს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორია, გაფართოების ფაზები და პარტნიორობის მექანიზმები გააცნეს. ასევე, ისაუბრეს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობებზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

შეხვედრას სკოლის დირექტორი ირმა შველიძე ესწრებოდა, რომელმაც მზაობა გამოთქვა ერთობლივი აქტივობების დაგეგმა განხორციელებისთვის.

აღსანიშნავია რომ “მომავლის ელჩები” ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელშიც 20 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. წლის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თანატოლებს თავად მოუყვებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს სკოლებში წარადგენენ.