ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე რეგიონების რესურსცენტრებისა და სხვადასხვა სკოლების წარმომადგენლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 25, 2021

25.02.21 – აჭარა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა ბიუროს ორგანიზებითა და ბათუმის ამერიკულ კუთხესთან თანამშრომლობით ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

რეგიონების რესურსცენტრებისა და სხვადასხვა სკოლების წარმომადგენლებისთვის დაგეგმილ სემინარს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი გაუძღვა და მონაწილეებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო. საუბარი შეეხო ნატოს მიზნებსა და ამოცანებს, ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, პერსპექტივებსა და გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მნიშვნელობაზე, გეოპოლიტიკურ კონტექსტებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საქართველომ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ქვეყნის განვითარების უალტერნატივო გზაა. საუბარი შეეხო, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდას, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და პედაგოგების მხრიდან მათთან გამკლავების ეფექტიან მეთოდებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.