ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ფერიაში შეხვედრა გაიმართა
იანვარი 20, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ინიციატივითა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში, ირმა გაბინაშვილმა გასულ წელს, ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლის ნაშრომი განიხილა და აღნიშნა, რომ 2020 წლის აქტივობების სტარტს აჭარის ბიურო სიმბოლურად, სწორედ გამარჯვებული მოსწავლის სკოლიდან აიღებს და რომ ფერიის სკოლა, რეგიონში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მაგალითებით და სხვადასხვა მნიშვნელოვანი სეგმენტით გამოირჩევა.
შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისას, მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ევროკავშირთან დაახლოების შედეგად გახსნილ შესაძლებლობებებზე, კერძოდ, პროგრამა ERASMUS+ მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხით – თუ რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის. საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მათგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას დასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონში დ საზოგადოებაში სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება. საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას და სიკეთეებს, აგრეთვე, ამ პროცესში გამოვლენილ დარღვევებსა და მათ პრევენციას.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.
შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.