ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ რაჭისუბანში შეხვედრა გაიმართა

იანვარი 20, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა, ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სოფელ რაჭისუბანში ბოლნისის მერის წარმომადგენელთან, პედაგოგებთან, მოსწავლეებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ევროპული გაერთიანებისა და გაფართოების ისტორიაზე ისაუბრა და ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ნატო-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელოვან მიღწევებსა და ინტეგრაციის მექანიზმებზე საუბარს. დისკუსიის ფორმატში მსმენელები დაინტერესდნენ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დინამიკითა და თანმდევი გამოწვევებით.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო თემატური მასალები.

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.