ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ სამღერეთში შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 17, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას ევროპული გაერთიანებისა და გაფართოების ისტორია გააცნო. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხლეშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული მხარდაჭერის, ახალი შესაძლებლობებისა და ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო საქართველო ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან მიღწევებსა და ინტეგრაციის მექანიზმებზე საუბარს.

დისკუსიის ფორმატში მსმენელებმა დასვეს შეკითხვები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ორგანიზაციის როლზე გლობალური უსაფრთხოების სფეროში.

საინფორმაციო შეხვედრას სამღერეთის საჯარო სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები, ხოლო აქტიურ მსმენელებს წამახალისებელი პრიზები.

შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.