ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ წინსვლაში შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 18, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ინიციატივითა და პროგრამა „მომავლის თაობა“ მხარდაჭერით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლაში პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული მხარდაჭერის, გლობალური უსაფრთხოების, ახალი შესაძლებლობებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მსმენელები დაინტერესდნენ, ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის, ახალგაზრდები და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის. ასევე, საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მათგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას დასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებში და საზოგადოებაში სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელებით ვრცელდება. საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას და სიკეთეებს, ამ პროცესში გამოვლენილ დარღვევებსა და მათ პრევენციას.

შეხვედრას ზემო წინსვლის საჯარო სკოლის დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მსგავსი ტიპის შეხვედრების სისტემატურად ჩატარების მნიშვნელობასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ევროკავშირთან დაახლოების შედეგად გახსნილ შესაძლებლობებზე მეტი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრეს, განსაკუთრებით აჭარის მაღალმთიან სოფლებში მიგრაციის პრობლემის გათვალისწინებით.

შეხვედრის დასასრულს სახალისო ვიქტორინა მოეწყო და აქტიურ მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის სამახსოვრო პრიზები, ხოლო თითოეულ მათგანს საინფორმაციო თემატური მასალები გადაეცათ.

შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.