ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე თეთრიწყაროში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 14, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებთან და საკრებულოს წევრებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე კახიძემ, ისაუბრა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მისი, როგორც ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის გამოყენების საკითხზე. ასევე, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ღირებულებითი ერთიანობა და დასავლური პრინციპები, უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა. დისკუსიის ფორმატში ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობასა და განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მეტი ჩართულობის აუცილებლობაზე.
შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.