ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 21, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მოწვეულმა ექსპერტმა ნათია გვენეტაძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ანა ცანავამ და მარიკა ვაჭარაძემ ადგილობირივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
მოწვეულმა ექსპერტმა საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ხოლო, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაურიც ესწრებოდა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა.
შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.