ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა
იანვარი 30, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელებთან, სამსახურების ხელმძღვანელებსა და საჯარო მოხელეებთან შეხვედრაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ პროექტზე “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ისაუბრა. მოწვეულმა ექსპერტმა ეკა ქარდავამ საუბრისას ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან პარტნიორობაზე. შეხვედრაზე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დისკუსიაც გაიმართა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა გადაეცათ.
შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.