ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ზესტაფონის პროფესიული სასწავლებლის “კონსტრუქტ2” სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 2, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ზესტაფონის პროფესიული სასწავლებელის „კონსტრუქტ2“ ერთობლივი ორგანიზებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები გააცნო. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს რაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინაშე დგას. ასევე, ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. მომხსენებელი მონაწილეებს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებსა და საგანმანათლებლო კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე ესაუბრა.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.