ევროინტეგრაციის საკითხებზე მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აგვისტო 4, 2022
04.08.22 – რეგიონები
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების ახალგაზრდებთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივების საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ახალგაზრდებს, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა სოფიო მიდელაშვილმა, ევროკავშირის დაარსების ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, განვითარების დინამიკაზე, ევროპულ პერსპექტივასა და მიმდინარე მოვლენებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით მიღწეულ შედეგებსა და ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის წესებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.