ევროინტეგრაციის საკითხებზე პედაგოგებისთვის კიდევ ერთი ონლაინ სემინარი გაიმართა

ივლისი 2, 2020

საქართველოში მიმდინარე “ევროპის დღეები 2020”-ის ფარგლებში გრძელდება პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარების ციკლი. თბილისსა და რეგიონებიდან სემინარის მონაწილე პედაგოგებს საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შედეგების შესახებ ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ესაუბრა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ზოგადად ამ შეთანხმების, როგორც ქვეყნის მოდერნიზაციის და თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ინსტრუმენტის მნიშვნელობაზე. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი სარგებელი და შესაძლებლობები რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მოაქვს პედაგოგებისთვის.

აღნიშნული ონლაინ სემინარი ევროპის დღეებში პედაგოგებისთვის დაგეგმილი 11 ონლაინ ლექციების ფარგლებში გაიმართა, რომლის დროსაც სემინარის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ევროსტრუქტურების მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ამოცანებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივებსა და გამოწვევებზე.

ონლაინ სემინარების დასასრულს, პედაგოგებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშავს. წელს, ევროპის დღეები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან პარტნიორობით ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს.