ევროინტეგრაციის საკითხებზე საჯარო მოხელეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
იანვარი 28, 2022

28.01.22 – რეგიონები
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონების საჯარო მოხელეებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მთელი საქართველოს მასშტაბით 60 საჯარო მოხელე ესწრებოდა.
სემინარი საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა, ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ევროინტეგრაციის პროცესში უკვე არსებულ ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.