ევროინტეგრაციის საკითხებზე სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 19, 2022
19.05.22 – თბილისი
„ევროპის დღეები 2022“-ის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა თამარა წულეისკირმა გახსნა. საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ახალგაზრდებს ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა და ამასთანავე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ახალგაზრდების ჩართულობისა და მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ევროპული კვლევების ფონდის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის შექმნასა და ისტორიულ კონტექსტზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის სტრუქტურებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, მის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული საინფორმაციო-შემეცნებითი ლიტერატურა გადაეცათ.
„ევროპის დღეები 2022“ 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.