ევროკავშირის პროექტის „მერების შეთანხმების” ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 28, 2023

28.06.23 – დუშეთი

ევროკავშირის პროექტის „მერების შეთანხმების” ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკის კვირეული სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.

მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები ამოწურვადი და ამოუწურავი რესურსების გამოყენების შესახებ მაგალითებს გაეცნენ და ერთმანეთს ბუნებრივი რესურსების დაზოგვის პრაქტიკა გაუზიარეს.

შეხვედრას საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელმაც ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ფართო საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით მსგავსი აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე 1 ივლისიდან ენერგოეფექტურობის კანონი შედის ძალაში, რაც გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. შესაბამისად, მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს ენერგიების გონივრულ მოხმარებაზე ინფორმაციის გაზრდას.

შეხვედრაზე, ასევე, მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს მოხალისეებმა ენერგოეფექტურობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიების დასასრულს ვიქტორინა გაიმართა, სადაც გამარჯვებულებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ “ბიბლუსის” სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. “ბიბლუსის” სასაჩუქრე ვაუჩერები ასევე, იმ სკოლებს გადაეცა, რომლებმაც მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში მაკულატურა შეაგროვეს.