„ევროპის დღები 2022″ ის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 21, 2022

21.05.22 – ხობი

„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდში ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ ნაბიჯებზე.

ამასთანავე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.

შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ, ევროპის დღეების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში ჩართული ახალგაზრდები, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელი აზა თათარიშვილი და მერიის ახალგაზრდული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

„ევროპის დღეები 2022“ 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.